Monday, June 11, 2012
Sunday, April 29, 2012
ლევან I დადიანი (?_1572)
ლევან I დადიანი პირველი იყო დადიანებს შორის, რომელიც ოდიშის[1] მთავარი გახდა; ეს მეფის ტოლფასი სტატუსი გახლდათ იმ გაგებით, რომ იგი არ ემორჩილებოდა უფრო მაღალი რანგის საერო ხელისუფალს, როგორც, მაგალითად, ერისთავები. ლევანმა გადამწყვეტი როლი შეასრულა ოდიშის როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს ჩამოყალიბებაში. მისი წარმატება დიდწილად განაპირობა დიპლომატიის ნიჭმა, რომელიც მან რეგიონის წარმმართველ ძალასთან, ოსმალეთის იმპერიასთან ურთიერთობაში გამოიყენა.
ლევანის დაბადების თარიღი უცნობია. წალენჯიხის ეკლესიის ფრესკაზე იგი გამოსახულია, როგორც ახოვანი მამაკაცი გრძელი ულვაშით, ნუშისებრი თვალებითა და მოკლე თმით, რომელსაც ბეწვითა და მარგალიტებით შემკული სამოსი აცვია. მამამისი, მამია III დადიანი, ოდიშს 1512-1533 წლებში ერისთავის სტატუსით მართავდა; იგი მოქიშპე კავკასიურ ტომთან ბრძოლაში მოკლეს. იმ დროისათვის ოდიში ოფიციალურად იმერეთის სამეფოს [2] ეკუთვნოდა და დამოუკიდებელ სახელმწიფოს არ წარმოადგენდა.
კონფლიქტი იმერეთის მეფესთან
1535 წელს, მას შემდგომ, რაც ლევანის მეფობა დაიწყო, იმერეთის მეფემ ბაგრატ III ბაგრატიონმა, რომელიც ურჩი სამცხე-საათაბაგოს წინააღმდეგ ბრძოლაში იყო ჩაბმული, დასახმარებლად ოდიშს მიმართა. ლევანის ძალებმა ამ აჯანყების წარმატებით ჩახშობაში დიდი წვლილი შეიტანეს. თუმცა, როდესაც მეფემ დაპყრობილი მიწები თავის მოკავშირეებს ნაალაფრის სახით დაუნაწილა, ოდიშს არაფერი შეხვდა.
რვა წლის შემდეგ ბაგრატს ისევ დასჭირდა სამხედრო დახმარება, მაგრამ ამჯერად ოდიშის მთავარს სამცხე-საათაბაგოს თურქების შემოსევისაგან დასაცავად მიმართა. ლევანმა უარი შეუთვალა, მიზეზი დღემდე უცნობია. ზოგიერთი მკვლევარი მიიჩნევს, რომ ლევანმა შური იძია, რადგან სამცხე-საათაბაგოსთან ბრძოლაში დახმარება ბაგრატ მეფემ მას სათანადოდ არ დაუფასა. სხვები ამტკიცებენ, რომ ლევანი უბრალოდ მიხვდა, რომ ამგვარი ბრძოლები პრობლემას დიდი ხნით ვერ წყვეტდა და მათში მონაწილეობა ოდიშის ინტერესებში არ შედიოდა. ნებისმიერ შემთხვევაში ლევანის არჩევანს უზარმაზარი მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან ერისთავის მიერ მეფის თხოვნაზე უარის თქმა დამოუკიდებლობის გამოცხადების ტოლფასი იყო.
ქართლისა და გურიის სამხედრო დახმარების წყალობით ბაგრატმა 1543 წლის ბრძოლა მაინც მოიგო, მაგრამ თურქებმა სწრაფად მოახერხეს გადაჯგუფება და მათთვის სასურველ რეგიონზე შეტევა განაახლეს. მეფე ბაგრატმა ლევანს კვლავ სთხოვა, ბრძოლაში ჩართულიყო, მაგრამ ლევანმა თხოვნა ხელმეორედ უკუაგდო. ამჯერად ბაგრატის ჯარი დამარცხდა და განრისხებულმა მეფემ ლევანის დასჯა გადაწყვიტა. შურის საძიებლად მეფეს შესაძლებლობა 1548 წელს მიეცა, როდესაც ლევანი ბაგრატის მიპატიჟებით იმერეთში ნადიმზე ჩავიდა. სტუმართმოყვარე გამასპინძლების მაგივრად, რომელსაც ლევანი მოელოდა, იგი შეიპყრეს და ბაგრატის მონასტერში ჩაკეტეს.
ოდიშში ხმა გავარდა ბაგრატის ღალატის შესახებ და ჯარი ლევანის მეუღლის, მარეხის, მეთაურობით ლევანის გასათავისუფლებად იმერეთისაკენ გაეშურა. უნდა აღინიშნოს, რომ იმერეთის ჯარი ოდიშისაზე ძლიერი აღმოჩნდა; ბაგრატი გურიის მთავარს დაუკავშირდა და შეეცადა დაერწმუნებინა, რომ ოდიშზე შეტევა ერთად განეხორციელებინათ, მაგრამ მთავარმა უარი განუცხადა, რადგან შიშობდა, რომ ოდიშის დაპყრობის შემდეგ ბაგრატი გურიის ხელში ჩაგდებასაც შეეცდებოდა.
ორწლიანი ტყვეობის შემდეგ ლევანმა საპყრობილეს სამცხე-საათაბაგოს მმართველის დახმარებით დააღწია თავი. ამ უკანასკნელს ბაგრატთან დაპირისპირებისთვის საკუთარი მიზეზები ჰქონდა. ლევანი ოდიშს გმირად დაუბრუნდა; გავრცელდა ლეგენდა, თუ როგორ გადააბა მან ზეწრები, გადმოეშვა ფანჯრიდან და სამშობლოში გამოეშურა.
Subscribe to:
Posts (Atom)